კარატე | პირველი გამარჯვება - გოგიტა არქანიამ ჯონათან ჰორნეს მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

გოგიტა არქანია კარატესთვის სადებიუტო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე A ჯგუფის მესამე დაპირისპირებაში გერმანელ ჯონათან ჰორნეს შეხვდა, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი და მინსკის ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.

დრამატული დაპირისპირების პირველი იუკო ქართველმა მოიპოვა, ანგარიშით 1:0 დაწინაურდა და პირველი ქულის უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ჰორნემ ანგარიში რამდენიმე წამში გაათანაბრა. ბრძოლის დასრულებამდე წუთით ადრე არქანია ზუსტი დარტყმით ხელახლა გავიდა წინ – 2:1. მალევე გერმანელმა ფეხის ილეთით იპონი შეასრულა, ერთბაშად სამი ქულა აიღო და ორი ქულით გავიდა წინ. დაპირისპირების ბოლომდე 19 წამი რჩებოდა, როდესაც არქანიამ ერთი ქულა აიღო და ბოლო წამებზე მეტოქეს აქტიურად შეუტია. ქართველის იერიშის შემდეგ ჰორნემ ხელის მძიმე  ტრავმა მიიღო და 10 წამში ფეხზე წამოდგომა ვეღარ მოახერხა. შედეგად არქანიამ წლევანდელ ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ახლა მის ანგარიშზე ერთი მოგება და ორი მარცხია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კარატეკა დღის პირველ დაპირისპირებაში იაპონელ რიუტარო არაგასთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დამარცხდა, მეორე ბრძოლა კი თურქ ევროპის ჩემპიონ და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსან უგურ აკტასთან ანგარიშით 3:1 დათმო.

სპორტსმენები ხუთკაციან ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს მოიპოვებენ და ოქროსთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან განაგრძობენ.