კარატე | გოგიტა არქანია ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში რიუტარო არაგასთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კარატეში, რომელიც ტოკიოს ზაფხულის თამაშებზე ისტორიაში პირველად ტარდება, გოგიტა არქანია წარადგენს, რომელიც A ჯგუფში ასპარეზობს. +75 კგ. წონითი კატეგორიის პირველ შეხვედრაში ქართველი ათლეტი იაპონელ რიუტარო არაგას დაუპირისპირდა, რომელიც 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2018 წლის აზიური თამაშების გამარჯვებულია.

დაპირისპირება დაძაბული გამოვიდა. საწყის 38 წამში არც ერთი კარატეკა არ აქტიურობდა და შესაბამისად მსაჯმა ორივე მათგანი გააფრთხილა. პირველი იერიშზე არქანია გადავიდა, მაგრამ მისი დარტყმა ქულად არ შეფასდა.  ბრძოლის დასრულებამდე წუთი და 21 წამი რჩებოდა, როდესაც რიუტარო არაგამ იუკოთი პირველი ქულა მოიპოვა. ჩამორჩენის შემდეგ არქანიამ მეტოქეს აქტიურად შეუტია და იაპონელმა მორიგი იუკო კონტრშეტევით აიღო – 0:2.  24 წამი რჩებოდა, როდესაც ქართველმა ერთი იუკო გაქვითა და კვლავ შეტევაზე გადავიდა, რასაც არაგას მორიგი საპასუხო დარტყმა მოჰყვა – 1:3. დრამატული იყო ბრძოლის ბოლო წამებიც – არქანიამ იუკოთი მორიგი ქულა მოიპოვა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (2:3), თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 3.9 წამი რჩებოდა, რაც ქართველს ქულის მოსაპოვებლად არ ეყო.

ჯგუფური ეტაპის მომდევნო ბრძოლაში არქანია თურქ ევროპის ჩემპიონ და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსან უგურ აკტასს შეხვდება.

გოგიტა არქანია ხუთკაციან ჯგუფში პირველ, ან მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს და ოქროსთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან განაგრძობს.