კარასკო თბილისის „დინამოში“ ევროპისთვის საინტერესო მოთამაშეებს ხედავს - კვარაცხელია მადრიდის „რეალის" ფილოსოფიას მოერგება #1TVSPORT
კარასკო თბილისის „დინამოში“ ევროპისთვის საინტერესო მოთამაშეებს ხედავს - კვარაცხელია მადრიდის „რეალის" ფილოსოფიას მოერგება #1TVSPORT

„დინამოს თბილისის“ აკადემიის დირექტორმა, ანდრეს კარასკომ ესპანურ გამოცემა „დიარიო ასთან“ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

44 წლის კარასკოს უმუშავია „ოლერდოლაში“, „ბარსელონაში“, ასევე ქუვეითში, ავსტრალიაში, უკრაინასა და თურქეთში, ახლა კი თბილისის „დინამოს“ აკადემიის დირექტორია. მან კარგად იცის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას წინსვლის ისტორია, რომელიც 2011 წელს „დინამოს“ აკადემიაში თავად აიყვანა.

შესავალში კი ავტორებმა ქართული ფეხბურთის უახლოესი ისტორია გაიხსენეს.

„1990-იანი წლებში ქართული ფეხბურთი ევროპულ ლიგებში გამოჩნდა ისეთი სახელებით, როგორebიც არიან გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი. ისინი ნიჭიერი მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ მათ არასოდეს ჰქონიათ თავიანთ გუნდებზე ისეთი დიდი გავლენა, როგორც ეს ახლა „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას აქვს – „ნაპოლის“ 22 წლის თავდამსხმელი იტალიაში „კვარადონად“ მონათლეს“, – წერს გამოცემა და კარასკოს ინტერვიუს აქვეყნებს.

ანდრეს კარასკო: „ხვიჩას დიეგოსთან შედარება გადაჭარბებულია (იცინის), მაგრამ კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რა გავლენა იქონია მან „ნაპოლიზე“ და გულშემატკივარს იმ დროს ახსენებს, რომლის დაბრუნებაც სწყურიათ.

კვარაცხელიას გავლენა იმდენად დიდია, რომ უკვე გრანდების, მათ შორის მადრიდის „რეალის“ ორბიტაზეა. „ბარსელონას“ მსგავს აკადემიებში მუშაობისას ვნახე, რამდენად რთულია გრანდში მოხვედრა და წარმატების მიღწევა. ამისთვის რამდენიმე საფეხურის გავლაა საჭირო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელია „სამეფო კლუბის“  ფილოსოფიას კარგად მოერგება, თანაც ხვიჩა პატარაობიდანვე მადრიდელთა გულშემატკივარია.

ბავშვობიდან ძალიან მოკრძალებული იყო, ის ძალიან შრომისმოყვარე ახალგაზრდაა. თავიდან არ გახლდათ საუკეთესო, როგორც, ვთქვათ, ინიესტა, მაგრამ თანდათან უზარმაზარი პროგრესი განიცადა. მისი უზარმაზარი პოტენციალი ადრეულ ასაკში გამოჩნდა.

თბილისის „დინამოს“ აკადემიაში გაიზარდა ასევე „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი. ის ჩვენი კარგი მუშაობის კიდევ ერთი მაგალითია. ადრე მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე გამოირჩეოდა, თანაც, ძირითადად, ინდივიდუალისტები, ახლა კი საინტერესო მოთამაშე თითქმის ყველა პოზიციაზეა“.