კარაკასში ვიზიტისას ერდოღანმა ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაგმო
კარაკასში ვიზიტისას ერდოღანმა ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაგმო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კარაკასში ჩავიდა, სადაც ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს შეხვდა. კარაკასში ვიზიტის დროს ერდოღანმა ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააკრიტიკა. მართალია, თურქეთის ლიდერს ამერიკის შეერთებული შტატები არ უხსენებია, თუმცა მან აღნიშნა, რომ ვენესუელა გარკვეული ქვეყნების მხრიდან მანიპულაციურ თავდასხმებს განიცდის.

ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გამო, აშშ-ს ვენესუელის წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების არაერთი პაკეტი აქვს დაწესებული. ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები დაწესებული აქვს ევროკავშირსაც.

„ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ ქვეყნებს დომინირება და ზეწოლა სურთ დანარჩენ მსოფლიოზე. ამისთვის ისინი სიცოცხლესა და პირად ხელშეუხებლობასაც კი ემუქრებიან. ვერანაირი ზეწოლა, მხდალი ქმედებები და მუქარა ვერ გატეხს ვენესუელელი ხალხის ნებას. მე ვგმობ ამას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სანქციები შეცდომაა, რომელიც არასტაბილურობას ქმნის“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ვენესუელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ოქროს ექსპორტის უფლება აქვს, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების მიუხედავად.

ამას გარდა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი სხვადასხვა სფეროში ვენესუელასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. კარაკასში ერდოღანის ვიზიტის ფარგლებში თურქეთსა და ვენესუელას შორის თავდაცვისა და ნავთობმოპოვების სფეროში რამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი.

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ერდოღანი ქვეყნის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.

ვენესუელა ლათინურ ამერიკაში რუსეთის მოკავშირე ქვეყანაა, რომელსაც აღიარებული აქვს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 2017 წელს ხელმოწერილი კანონი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად სანქციებს ითვალისწინებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ დამყარებული. კერძოდ, აღნიშნული ქვეყნები აშშ-ის საბიუჯეტო დაფინანსებით ვერ ისარგებლებენ.