„კარაგუმრუკმა“ ლობჟანიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა - საბას თურქეთში ლეგიონერის სტატუსი მოეხსნა #1TVSPORT
„კარაგუმრუკმა“ ლობჟანიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა - საბას თურქეთში ლეგიონერის სტატუსი მოეხსნა #1TVSPORT

თურქეთის სუპერლიგის გუნდმა, „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ საბა ლობჟანიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. სტამბოლის გუნდის პრესსამსახურმა უკვე გამოაცხადა, რომ გუნდს ქართველი ფეხბურთელი შეემატა.

ეს სუპერლიგაში ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლო დღეს მოხდა – „ფატიჰ კარაგუმრუკი“ „ჰატაისპორიდან“ საბა ლობჟანიძით გაძლიერდა და ამას გარდა, „ალ-მესაიმერიდან“ ედა ბრაჰიმ დარი მიიწვია.

„ჩვენმა ვაჟთა საფეხბურთო გუნდმა საბა ლობჟანიძე და ბრაჰიმ დარი აიყვანა. გვიხარია, რომ ეს ფეხბურთელები „ფატიჰ კარაგუმრუკის“ წევრები გახდნენ“, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობილია, რომ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორი“, ასევე „გაზიანთეფი“ იმდენად დაზარალდნენ, რომ თურქეთის სუპერლიგა დატოვეს. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიგიდან გასული გუნდების მოთამაშეებს ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი არ შეეხებათ. ამის შემდეგ ლობჟანიძე ლეგიონერის სტატუსისგან გათავისუფლდა და „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ უპრობლემოდ დაიმატა.