კაპიტოლიუმზე შტურმისას პოლიციელის მიერ მოკლული ქალის ოჯახი გამოძიების მასალებთან წვდომასა და კომპენსაციას ითხოვს
კაპიტოლიუმზე შტურმისას პოლიციელის მიერ მოკლული ქალის ოჯახი გამოძიების მასალებთან წვდომასა და კომპენსაციას ითხოვს

კაპიტოლიუმის შენობის შტურმის დროს პოლიციელის მიერ მოკლული ქალის ოჯახი გამოძიების მასალებთან წვდომასა და კომპენსაციას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ეშლი ბაბითის ოჯახის წევრებმა შესაბამისი მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართეს და მოუწოდეს ვაშინგტონის პოლიციას, გაამხილოს მომხდარის დეტალები, მათ შორის იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც ქალს ესროლა.

ამას გარდა, გარდაცვლილის ოჯახი აპირებს, მიმართოს სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით, რომელშიც კაპიტოლიუმის პოლიციისგან კომპენსაციის სახით 10 მილიონ დოლარს მოითხოვს.

როგორც მანამდე ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად დადგინდა, პოლიციელისთვის ბრალის წარსადგენად საჭირო მტკიცებულებები არ არსებობს და სამართალდამცველი კანონის დაცვით მოქმედებდა. ამასთან, სამართალდამცველის ვინაობა საჯაროდ არ დაუსახელებიათ.

35 წლის ეშლი ბაბითი ერთ-ერთი იყო დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს შორის, რომლებიც 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ის აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ვეტერანი იყო და ორჯერ მსახურობდა ავღანეთსა და ერაყში.

6 იანვარს ასევე გარდაიცვალა ტრამპის კიდევ სამი მხარდამჭერი. ორი მათგანის სიკვდილის მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა, ხოლო ერთის – ამფეტამინის გადაჭარბებული დოზა.

ამავე მოვლენების შემდეგ, გარდაიცვალა პოლიციელი ბრაიან სიკნიკი, რომელმაც მომხდარის შემდეგ მალევე ინსულტი მიიღო. ოფიციალური ცნობით, ის 7 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.