კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე გამომძიებლები ​ივანკა ტრამპის დაკითხვას ითხოვენ
კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე გამომძიებლები ​ივანკა ტრამპის დაკითხვას ითხოვენ

გამომძიებლები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილს, ივანკა ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე დაკითხვაზე მისვლას სთხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, კონგრესში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ივანკა ტრამპს ჩვენების ნებაყოფლობით მიცემის თხოვნით წერილი ერთ-ერთმა გამომძიებელმა, ბენი ტომფსონმა მისწერა.

როგორც ტომფსონი ამტკიცებს, ივანკა ტრამპი ესწრებოდა იმ მომენტს, როდესაც მამამისი აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე ახდენდა ზეწოლას, რათა მაიკ პენსს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ ეღიარებინა.

ივანკა ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ის დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო. კონგრესში მოქმედი საგამოძიებო კომიტეტის წევრების თქმით, ივანკა ტრამპი არწმუნებდა მამას, რომ 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეებისთვის ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით მიემართა.

ივანკა ტრამპის წარმომადგენლებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი, მისცემს თუ არა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი ჩვენებას.