კაპიტნის 13 წელი „ჯვაროსნებში“ - შესაძლოა, დღეს კაშიამ ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატაროს #1TVSPORT
კაპიტნის 13 წელი „ჯვაროსნებში“ - შესაძლოა, დღეს კაშიამ ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატაროს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია 26 სექტემბერს გიბრალტართან მოედანზე თუ გავა, „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში საიუბილეო – მე-100 მატჩს ჩაატარებს და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდება ლევან კობიაშვილსა და ჯაბა კანკავას.

გურამ კაშია „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ მიიწვიეს ჯერ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში (10 მატჩი, 2 გოლი), შემდეგ – ეროვნულ ნაკრებში. მისი სანაკრებო დებიუტი შედგა 2009 წელს, მონტენეგროს წინააღმდეგ და მას შემდეგ 13 წელია „ჯვაროსნების“ საკვანძო მოთამაშე გახდა.

საინტერესო ფაქტია, რომ გურამ კაშიას საქართველოს ნაკრებში არა მხოლოდ ცენტრალურ მცველად, მარჯვენა და მარცხენა მცველადაც კი უთამაშია – ამ პოზიციაზე „ჯვაროსნების“ კაპიტანს წლების წინ თემურ ქეცბაია აყენებდა. სულ ნაკრებში 99 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

გურამ კაშიას გატანილი სანაკრებო გოლები

1. 2012 წლის 12 ოქტომბერი. ჰელსინკის ოლიმპიური სტადიონი, ფინეთი-საქართველო – 1:1. 2014 წლის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

2. 2018 წლის 1 ივნისი, სილბერშტადტი, შვარც არენა, ავსტრია. საქართველო-მალტა – 1:0 ამხანაგური მატჩი.

3. 2022 წლის 2 ივნისი, სტადიონი „ბორის პაიჭაძე – დინამო არენა“. საქართველო-გიბრალტარი – 4:0. 2022-2023 უეფა-ს ერთა ლიგა, C4 ჯგუფი.

„ვიტესის“ რეკორდსმენი

2010 წელს გურამ კაშია „დინამო თბილისიდან“ ნიდერლანდების ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ წამყვანი მცველი იყო. კაშია გახლდათ გუნდის კაპიტანი და 2017 წელს მისი ლიდერობით გუნდმა ნიდერლანდების თასიც მოიგო. 2015 წლის აგვისტოში კაშია დასახელდა ერედივიზიას თვის საუკეთესო მოთამაშედ. თამაშების რაოდენობით ის გუნდის რეკორდსმენია.

შემდეგ ითამაშა აშშ-ში („სან ხოსე“), ხოლო 2021 წლიდან ბრატისლავასსლოვანის“ მოთამაშეა. გამოცდილი ცენტრალური მცველი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2012 და 2013 წლებში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

„ასეთი დამოკიდებულებით კიდევ 100 მატჩს ჩაატარებს“

გურამ კაშიას შესახებ გიბრალტართან შეხვედრამდე, „ვიკტორია სტედიუმზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების – „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და გუნდის ვიცე-კაპიტანმა ნიკა კვეკვესკირმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

„თამაშის შემთხვევაში, გურამ კაშია ხვალ ეროვნულ ნაკრებში მეასე შეხვედრას ჩაატარებს, თუმცა ასეთი დამოკიდებულებით, კიდევ 100 მატჩის ჩატარებას შეძლებს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

„სიტყვა პროფესიონალზე პირველი ის მახსენდება“

„გურამ კაშიაზე სასაუბროდ მთელი დღე არ მეყოფა. აღმატებულ ხარისხში ყველანაირ დადებით სიტყვას იმსახურებს. სიტყვა „პროფესიონალზე“, პირველი, სწორედ ის მახსენდება. ამაყი ვარ, რომ შემიძლია საკუთარ თავს მისი მეგობარი ვუწოდო. თუ ვინმე იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს და სახელს „ნაკრების ფეხბურთელი“, ეს გურამ კაშიაა, თავისი სიყვარულით, ვნებით, ფეხბურთისა და პროფესიის მიმართ. დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ თამაშს ითამაშებს ჩვენთან ერთად და დაგვეხმარება, რათა გავიზარდოთ, როგორც პროფესიონალები და როგორც ადამიანები. არა მარტო ახალგაზრდები, არამედ მეც ამ ასაკში ძალიან ბევრს ვსწავლობ მისგან როგორც სტადიონზე, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – ეს ნიკა კვეკვესკირის სიტყვებია.

გიბრალტარსა და საქართველოს შორის ერთა ლიგის C4 ჯგუფის შეხვედრა 26 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.