კაპანაძემ ზლატანის სტილში გაიტანა - გორში თამაში განათების გამო შეჩერდა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში გორის „დილამ“ ქობულეთის „შუქურას“ „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ უმასპინძლა და მეტოქე რთულ დაპირისპირებაში დაამარცხა.

გორელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მხოლოდ 54-ე წუთზე დაწინაურდნენ – ვანდერსონ სილვამ მარცხენა ფლანგიდან მეკარის საჯარიმოსთან ბურთი „ჩაკიდა“, სადაც თორნიკე კაპანაძემ მცველს დაასწრო და მაღალ ნახტომში ულამაზესი გოლი გაიტანა.

59-ე წუთზე გორელების უპირატესობის გაზრდა პაატა ღუდუშაურს შეეძლო, მაგრამ მეკარე გაბრიელ თებიძემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა, ახლოდან დარტყმული მოიგერია და სტუმრები აშკარა გოლისგან იხსნა.

62-ე წუთზე სტადიონის განათების სისტემას პრობლემები შეექმნა და შეხვედრა დროებით შეჩერდა, მაგრამ თამაში 5 წუთში განახლდა. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა და „დილამ“ 1:0 მოიგო.

ამ გამარჯვებით გორის „დილამ“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, 19 ტურის შემდეგ 29 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა. ქობულეთის „შუქურამ“ (16 ქულა) კი ქუთაისის „ტორპედოს“ დაწევის შანსი ვერ გამოიყენა და ისევ მერვე პოზიციაზე დარჩა.

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის დარჩენილი სამი მატჩი დღეს გაიმართება:

ოთხშაბათი, 23 ივნისი

თელავი – სამტრედია

19:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

დინამო თბ – სამგურალი

19:30. დინამო არენა – თბილისი

საბურთალო – ლოკომოტივი

20:30. მიხეილ მესხი – თბილისი