თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს გამომსვლელმა ერთადერთმა ქართველმა, ლუკა კაპანაძემ (73კგ) მეორე შეხვედრა მოიგო და ტურნირის მერვედფინალში იჭიდავებს.
21 წლის სპორტსმენმა ირლანდიელი ჯოშუა გრინი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გასასვლელად 73კგ-ში მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერს, მონღოლ ცენდო-ოჩირს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გრანდ სლემზე იასპარეზა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ), რომელიც პირველივე შეხვედრაში დამარცხდა – ქართველმა კვიპროსელ პეტროს კრისტოდოულიდესთან დამატებით დროში წააგო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
2022 წელს გამართულ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის აღება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.