კანონმდებლობის დონეზე ზუსტდება, რომ შეწყალებას ახორციელებს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ
კანონმდებლობის დონეზე ზუსტდება, რომ შეწყალებას ახორციელებს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ

კანონმდებლობის დონეზე ზუსტდება, რომ შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ, პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით.

შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებების ინიცირება 15 აპრილის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

„ცვლილებების მიღება შეწყალების პროცედურული საკითხების მოწესრიგების თვალსაზრისით, არსებულ ბუნდოვანებას უკავშირდება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ერთ-ერთი უფლებამოსილება მსჯავრდებულების შეწყალებაა, ხოლო „სისხლის სამართლის კოდექსის“ თანახმად, შეწყალებას ახორციელებს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ.

ამგვარი საკანონმდებლო რეგულირება არ არის საკმარისი, ვინაიდან შესაბამისი ნორმა არ უთითებს, რომელი სამართლებრივი აქტით უნდა მოწესრიგდეს შეწყალების უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული მთელი რიგი პროცედურული საკითხები, მათ შორის, განისაზღვროს, რა წესისა და პირობების დაცვით უნდა იქნეს წარდგენილი შეწყალების თხოვნა, რომელ დოკუმენტებსა და ინფორმაციას უნდა დაეყრდნოს.

კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო პრეროგატივის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდება პირდაპირი მითითება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულთა შეწყალება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით. აღნიშნული ნორმატიული აქტით, თავის მხრივ, მკაფიოდ განისაზღვრება ის რეგულაციები და პროცედურული წესები, რომელთა დაცვის გარეშეც შეწყალების თხოვნა ვერ აღსრულდება“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.