კანოეს ფედერაციას სპორტის მინისტრმა ახალი აღჭურვილობა გადასცა [ვიდეო] #1TVSPORT

მცხეთის ნიჩბოსნობის ბაზაზე, საქართველოს კანოეს ფედერაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ახალი აღჭურვილობა გადასცა. ქართველ ნიჩბოსნებს გადაეცათ კანოეს 20 ნავი, სლალომის სამი ნავი, ორი კაიაკი, საპის ერთი ორიგინალი ნავი, ერთი კატერი და ერთი კანოეს ტრენაჟორი. კანოეს ფედერაციისათვის გადაცემული ნავები და სხვა ეკიპირება 120 000 ლარის ღირებულებისაა. ფედერაციამ ამ მასშტაბის აღჭურვილობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მიიღო.

ბოლო წლების განმავლობაში, სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს როგორც ახალგაზრდულ ტურნირებზე, ასევე უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის გამართულ ტურნირებზე. სავარჯიშო ნავების არქონის პრობლემა 2021 წელს სპორტის მინისტრსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე გამოიკვეთა. მინისტრმა კანოეს ფედერაციას ამ პრობლემის გადაწყვეტაში მხარდაჭერა აღუთქვა. ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აღდგება ფოთის მუნიციპალიტეტის სოფელ მალთაყვის ნიჩბოსნობის ისტორიული ბაზა. ბაზის აღდგენის პროცესი მომდევნო ორ წელიწადში დასრულდება და ნიჩბოსნობის ფედერაციას ექნება თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სავარჯიშო და საასპარეზო სივრცე.