კანკავას საგოლე გადაცემით „სლოვანი“ წაგებას გადაურჩა [ვიდეო] #1TVSPORT
ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს ბრატისლავას „სლოვანში“, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში „დუნაისკა სტრედას“ გასვლაზე დაუპირისპირდა.
მასპინძლები 72-ე წუთზე ანდრას შეფერმა დააწინაურა, მაგრამ ბრატისლაველებმა წონასწორობა მალე აღადგინეს. ჯაბა კანკავამ 74-ე წუთზე იარომირ ჟრმალი 40-მეტრიანი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც „დუნაისკა სტრედას“ კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ეს მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა იყო, რომელიც ბრატისლავის „სლოვანმა“ ვერ მოიგო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა 7 ტურის შემდეგ 16 ქულა დააგროვა და სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერია. გუნდი ტრნავას „სპარტაკს“ ორი ქულით უსწრებს, თუმცა, ერთი მატჩი თადარიგში აქვს.