კანკავას ორი ვარიანტი - თურქეთი ან საფრანგეთი
კანკავას ორი ვარიანტი - თურქეთი ან საფრანგეთი

ჯაბა კანკავამ, შესაძლოა, კარიერა თურქეთის ან საფრანგეთის კლუბებში გააგრძელოს, – ამის შესახებ ინფორმაციებს სხვადასხვა წყაროები ავრცელებენ.

ყაზახური გამოცემა „კაზნიუსი“ ამტკიცებს, რომ კოსტანაისტობოლიდან“ წასულ საქართველოს ნაკრების კაპიტანს თურქეთში იწვევენ. გამოცემა მას გუნდის მთავარ მოთამაშეს უწოდებს.

„ყველაზე მეტად „ტობოლის“ გულშემატკივრებს ჩემპიონატის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველის, ჯაბა კანკავას წასვლის ეშინიათ. კანკავამ უარყო „დინამო თბილისის“ შეთავაზება. ამავდროულად, საქართველოს ნაკრების კაპიტნის მიმართ ინტერესი თურქულმა „ბურსაპორმა“ გამოიჩინა. თუ კანკავა წამოვა, გუნდისთვის ეს დანაკარგი იქნება“, – წერს „კაზნიუსი“.

ფრანგული გუნდის დაინტერესებაზე საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდის „ვალენსიენის“ გულშემატკივართა გვერდმა ლაკონური ინფორმაცია გაავრცელა, – „ვინ არის ჯაბა კანკავა, „ვალენსიენის“ ახალი მოთამაშე? VAFC inside-მა გაშიფრა, რომ გუნდი საქართველოს ნაკრების კაპიტნით, 34 წლის საყრდენ ნახევარმცველით დაინტერესდა“.

ჯაბა კანკავა საფრანგეთში ყაზახეთამდე თამაშობდა და „რეიმსის“ ღირსებას იცავდა. „ვალენსიენს“ კი 48 წლის ოლივიე გეგანი წვრთნის, რომელიც ქართველ ფეხბურთელს „რეიმსში“ ავარჯიშებდა.

ჯაბა კანკავა 2015 და 2019 წლებში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, 2020 წელს კი სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელეს. 34 წლის ნახევარმცველზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს „დინამო თბილისთან“ და ბათუმის „დინამოსთან“.