კანკავამ „სლოვანს“ პირველად უკაპიტნა - ჯაბამ საგოლე გადაცემა გააკეთა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში ოჯახური ტრაგედიის გამო ჩამოსული ჯაბა კანკავა ბრატისლავას გუნდს დაუბრუნდა და „სლოვანის“ კაპიტნის სამკლავური მოირგო სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში, რომელშიც მისმა გუნდმა „სერედი“ 2:0 დაამარცხა.

ერთმანეთს საქართველოში ნამუშევარი ორი მწვრთნელი დაუპირისპირდა – საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე „დინამო თბილისის“ ყოფილი დამრიგებლის, იურაი იარაბეკის გაწვრთნილები იყვნენ.

ჯაბა კანკავამ „სლოვანს“ იმიტომ უკაპიტნა, რომ წინა ტურში გუნდის კაპიტანი, უმცროსი ვლადიმირ ვაისი მოედნიდან გააძევეს. საბოლოოდ, ბრატისლაველებმა 2:0 მოიგეს. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 71-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი თავზე დაასვა „ასტონ ვილას“ ყოფილ თავდამსხმელს, ანდრე გრინს, რომელმაც „სერედის“ კარი თავური დარტყმით მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ვაისმა ძირითადი შემადგენლობის 8 მოთამაშე დაასვენა, რადგან გუნდს 10 დეკემბერს „კოპენჰაგენთან“ გასვლაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის, ხოლო მანამდე, 3 დეკემბერს „სლოვანი“ „ზლატე მორავცეს“ უნდა ესტუმროს – შემადგენლობაში არც გურამ კაშია იყო, რადგან ბრატისლაველების მწვრთნელი ცდილობს, მოთამაშეთა როტაციით დანიელებთან პრინციპულ შეხვედრას ფეხბურთელები გადაღლილები არ შეხვდნენ.

სლოვაკეთის სუპერლიგაში გამართული 16 ტურის შემდეგ „სლოვანმა“ 41 ქულა დააგროვა და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს, უახლოეს მდევარს, ტრნავას „სპარტაკს“ კი 8 ქულით ასწრებს.