კანკავა ჯერ რეკორდს ვერ გააუმჯობესებს - „დინამომ“ ჯაბას საიუბილეო მატჩი მიულოცა #1TVSPORT
კანკავა ჯერ რეკორდს ვერ გააუმჯობესებს - „დინამომ“ ჯაბას საიუბილეო მატჩი მიულოცა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ კაბა კანკავას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საიუბილეო თამაშის ჩატარება მიულოცა და გაიხსენა, რომ გუნდთან ერთად ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

„ჯაბა კანკავამ „ჯვაროსნების“ რიგებში მე-100 შეხვედრა ჩაატარა. მას სანაკრებო დებიუტი 2004 წელს, 18 წლის ასაკში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა. ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჩვენი კლუბის ფერებს 2003/05 წლებში იცავდა. იმავე პერიოდში დინამოელებმა პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხეს. „დინამო თბილისი“ ამაყობს ჯაბა კანკავას მიღწევით და წარმატებას უსურვებს მას კარიერაში“, – წერია „დინამოს“ მოლოცვაში.

17 წელი ნაკრებში – კანკავა მე-100 მატჩის მოლოდინშია

კანკავამ 9 ოქტომბერს ბათუმის ახალ არენაზე საბერძნეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საიუბილეო მატჩი ჩაატარა. კაპიტანმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური მეასეჯერ მოირგო და მეორე მოთამაშეა ლევან კობიაშვილის შემდეგ, ვინც ეს ზღვარი გადალახა.

აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავა პირველი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ნაკრებში ყველაზე დიდხანს თამაშობს – წელს უკვე მე-17 წელი იქნება. მსგავსი მაჩვენებელი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში არც ერთ მოთამაშეს არ აქვს.

კანკავას კობიაშვილის რეკორდის გაუმჯობესების შანსი ჰქონდა, მაგრამ ეს დროებით გადაიდო. კოსოვოსთან 12 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩს გამოტოვებს – საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო ვერ დაეხმარება.