კანკავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს - ვაისმა შემადგენლობაში ცვლილებები დააანონსა
კანკავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს - ვაისმა შემადგენლობაში ცვლილებები დააანონსა

დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორას დაუპირისპირდება. მატჩის წინ „ჯვაროსნებმა“  ანდორის ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშეს, სადაც შეხვედრა გაიმართება.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საწვრთნელი პროცესი საათს გაგრძელდა და 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა – ჯაბა კანკავამ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.  ეროვნული ნაკრების კაპიტანი უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურში, ლატვიასთან დაშავდა და მოედანს გასულ კვირას დაუბრუნდა.

დღევანდელ ვარჯიშამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

„ანდორა კარგად ორგანიზებული გუნდია კარგი მწვრთნელით, რომელიც გუნდს ტაქტიკურად ყოველთვის შესანიშნავად ამზადებს და ბრძოლას ველოდებით. ჩვენს მეტოქეს 2 ქულა აქვს და შეეცდება კიდევ მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას, თუმცა ჩვენ სამი ქულის ასაღებად ჩამოვედით. მართალია ჯგუფში ლიდერის პოზიციაზე ვართ, მაგრამ რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება გვჭირდება, საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე სასურველი რეიტინგი რომ გვქონდეს. მარტივი თამაში არ გველის, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ შეასრულებენ ფეხბურთელები ტაქტიკურ დავალებას და როგორ იმუშავებენ ბურთის გარეშე. ანდორა აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს, ევროპაში მარტივი თამაშები აღარ არსებობს და ჩვენ სწორედ ამისთვის მოვემზადეთ“ – ამბობს ვაისი.

„ჯვაროსნების“ დამრიგებელმა თავდასხმაში არსებულ მდგომარეობაზე ილაპარაკა – „ბოლო პერიოდში გუნდი კარგად თამაშობს და ყველა შეხვედრაში 2-3 გოლი გავიტანეთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვთამაშობთ თუ არა გამოკვეთილი ცენტრალური ფორვარდით, ჩვენი სათამაშო სქემა ცოტა განსხვავებულადაა აწყობილი. თუკი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ყაზაიშვილი თამაშობს, შეტევას განსხვავებულად ვაწყობთ, თუ გამოკვეთლი ფორვარდია ტაქტიკაც შესაბამისია. გუნდში ამ ეტაპზე გამოძახებულია არაბული, რადგან ის ტრავმის შემდეგ კარგ ფორმაში შევიდა და უნგრეთის ჩემპიონატში კარგად ასპარეზობს. ვნახოთ, შესაძლოა ხვალ ძირითადი შემადგენლობაში არაბული იყოს. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მომავალზე, იცით, რომ ქვილითაია და მჭედლიძე ტრავმირებულები არიან. ვნახოთ, ხვალ როგორი თამაში გამოვა, სწრაფად უნდა ვითამაშოთ და ყველა პოზიციაზე შესაბამისად ვიმოქმედოთ.“

ვაისმა შემადგენლობაში სხვა ცვლილებებიც დააანონსა – „ჩვენ ფაქტობრივად, ყოველთვის წამყვანი მოთამაშეების გარეშე გვიწევს თამაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ დამაკმაყოფილებელი შედეგის ჩვენება შევძელით. ცოტათი განსხვავებული სათამაშო სქემით ვთამაშობთ. ჩემი აზრით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო თამაში ლატვიაში ვაჩვენეთ, ამიტომ ბევრი ცვლილება არ იქნება. მხოლოდ 2-3 პოზიციაზე, სადაც პერსპექტიული მოთამაშეების ხილვა გვსურს. ამ ყველაფერთან ერთად კარგი რეზულტატის ჩვენება გვსურს, ასე ვემზადებოდით ლატვიის წინააღმდეგ, ასე მოვემზადეთ ანდრასთვისაც. ჭანტურიშვილი ევროთასებზე და სლოვაკეთის ჩემპიონატში კარგად გამოიყურება და ნაკრებში სწორედ ამიტომ გამოვიძახე. მისი სათამაშო ფორმით კმაყოფილი ვარ და შესაძლოა ხვალ ძირითად შემადგენლობაშიც ვათამაშო.“

ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება – მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.