კანდიდატებით დაკომპლექტებული საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT

17:43, 21.07.2026

კანდიდატთა ნაკრები, რომელსაც ეროვნულ გუნდში ალექსანდრ ჯიკიჩის ასისტენტი, მარკო ესპოზიტო გაწვრთნის,  ჩინეთში სოლიდარობის თასზე იასპარეზებს.

ეს არის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას, მასპინძელ ჩინეთთან და საქართველოსთან ერთად, მონტენეგროს და კამერუნის ნაკრებები მიიღებენ. ფორმატი ისეა შედგენილი, რომ საქართველო მონტენეგროს ორჯერ შეხვდება (24 და 27 ივლისს), ხოლო მასპინძელ ჩინეთს (25 ივლისს) – ერთხელ.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში არიან: ლუკა მაზიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი კობახიძე, გეგა წულაია, ლევან გაფრინდაშვილი, ვახტანგ გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ვილი ისიანი, ცოტნე ცარციძე, რომა ჭინჭარაული, გიორგი ობგაიძე, ბექა ბექაური.

მთავარი მწვრთნელი: მარკო ესპოზიტო. ასისტენტი: ნიკა ცინცაძე.

საქართველოს ნაკრები ჩინეთში 21 ივლისს გაემგზავრება და ქალაქ ჰაიკოუში (კუნძულ ჰაინანის პროვინცია) სამი მატჩის გამართვის შემდეგ, თბილისში 28 ივლისს დაბრუნდება.

„კანდიდატთა თუ დუბლშემადგენლობების იდეა მსოფლიოს წამყვან საკალათბურთო ქვეყნებში, დიდი ხანია, აპრობირებული და წარმატებული მოდელია. ეს პრაქტიკა უცხო არც საქართველოსთვისაა. თუ ისტორიას გადავხედავთ, 2016 და 2017 წლების ზაფხულში საქართველოს „ბ“ ნაკრები სწორედ ჩინეთში იმყოფებოდა ანალოგიური მისიით. დრომ აჩვენა, რომ ამ გადაწყვეტილებამ სრულად გაამართლა — სწორედ იმ ტურნეებზე თავის გამოჩენის შემდეგ რამედნიმე კალათბურთელი ეროვნული ნაკრებში მოხვდა და შემდგომში მყარად დაიმკვიდრა ადგილი.

ჩინეთში დაგეგმილი საერთაშორისო მატჩები მათთვის იდეალური ტრამპლინია. ეს არის შანსი, აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები უცხოელი სკაუტებისა და კლუბების თვალწინ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის მგზავრობასა და მიღება-დაბინავებას მასპინძლები უზრუნველყოფენ“, – აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბოისამ.

მსგავსი