კანადური მედიის ცნობით, კანადამ უკრაინაში სპეცრაზმის მცირე კონტინგენტი გაგზავნა
კანადური მედიის ცნობით, კანადამ უკრაინაში სპეცრაზმის მცირე კონტინგენტი გაგზავნა

ნატო-სა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, კანადამ უკრაინაში სპეცრაზმის მცირე კონტინგენტი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადური სააგენტო „გლობალ ნიუსი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, კანადის ხელისუფლებამ უკრაინაში სპეცდანიშნულების ჯგუფის გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებისკენ მიმართული დიპლომატიური მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და რუსული ძალები კვლავ უკრაინის საზღვართან დარჩნენ.

როგორც „გლობალ ნიუსს“ წყარომ განუცხადა, სპეცრაზმის გაგზავნა უკრაინაში არის ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევის ნაწილი, შეაკავონ რუსეთის აგრესია უკრაინაში და განსაზღვრონ გზები უკრაინის დასახმარებლად. სპეცდანიშნულების რაზმის ამოცანა ასევე იქნება, შეიმუშავოს ევაკუაციის გეგმა კანადის დიპლომატიური პერსონალისთვის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი უკრაინაში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება ქვეყნის სუვერენიტეტისადმი კანადის მხარდაჭერის დასადასტურებლად.

„უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო დანაყოფებისა და აღჭურვილობის კონცენტრაცია საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. საჭიროა ამ აგრესიული ქმედებების შეკავება. კანადა იმუშავებს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, ასევე უკრაინელების ადამიანის უფლებებისა და ღირსების დასაცავად“, – ნათქვამია ჯოლის განცხადებაში.