კანადისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კანადისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი დომინიკ რააბი და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსუა-ფილიპ შამპანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„კანადა და დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულები არიან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში კონტაქტის ხაზის გასწვრივ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო. უკიდურესად შემაშფოთებელია ინფორმაცია დასახლებების დაბომბვისა და სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პატივისცემისა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისკენ“, – ნათქვამია ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების განცხადებაში.

დომინიკ რააბი და ფრანსუა-ფილიპ შამპანი მხარდაჭერას უცხადებენ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მუშაობას.

„ამ კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა უნდა გამორიცხავდეს ძალადობას და მოიცავდეს მოლაპარაკებების გზით მშვიდობიან დარეგულირებას ეუთო-ს მინსკის ჯგუფის პროცესის ფარგლებში“, – ნათქვამია კანადისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.