კანადის სკანდალური გრანპრი ჰემილტონმა მოიგო
კანადის სკანდალური გრანპრი ჰემილტონმა მოიგო

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა მოიგო მონრეალში კანადის გრანპრი, რითაც სეზონში მეხუთე და კარიერაში 78-ე გამარჯვება მოიპოვა. გარდა ამისა, მან გააუმჯობესა კანადაში მოგებების რაოდენობით მიხაელ შუმახერის რეკორდი – შვიდი ტრიუმფი მონრეალის ტრასაზე.

კანადური ეტაპი სკანდალური გამოვიდა. ჰემილტონმა მეორე პოზიციიდან აიღო სტარტი და მთელი რბოლა სწორედ ეს პოზიცია ეკავა. ბრიტანელი შორს არ უშვებდა რბოლის ლიდერ სებასტიან ფეტელს და მუდმივად ზემოქმედებდა გერმანელზე. ამ ზემოქმედებამ შედეგი გამოიღო – ფეტელი შეცდა და მოჭრა მეოთხე მოსახვევი. ამ მომენტმა გადაწყვიტა რბოლის ბედი, რადგან ფეტელმა ტრასაზე სახიფათო დაბრუნებისთვის ხუთწამიანი ჯარიმა მიიღო. მან ფინიშზე 1.4 წამით აჯობა ჰემილტონს და შესაბამისად, გამარჯვება სწორედ ლუისს მიენიჭა, ფეტელი მეორეზე გავიდა და ფინიშზე ვერ მალავდა იმედგაცრუებას. „ფერარი“ ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებს.

მესამეზე გავიდა „ფერარიში“ ფეტელის პარტნიორი შარლ ლეკლერი – ეს მისთვის მეორე პოდუმია კარიერაში. სასტარტო მეექვსე პოზიციიდან მეოთხეზე გადავიდა ვალტერი ბოტასი, „რედ ბულის“ ლიდერმა მაქს ფერსტაპენმა კი მეცხრედან მეხუთე ადგილზე გადასვლა შეძლო.

ჰემილტონმა გაზარდა უპირატესობა საერთო ჩათვლაში – მას 162 ქულა აქვს. ვალტერი ბოტასი 133 ქულით მეორე ადგილზეა, 100 ქულით მესამეზე – ფეტელი.

შემდეგი ეტაპი ორი კვირის შემდეგ საფრანგეთში გაიმართება.