კანადელმა ქალმა ფეხბურთელმა ნაკრებში გატანილი გოლებით აბსოლუტური რეკორდი დაამყარა
კანადელმა ქალმა ფეხბურთელმა ნაკრებში გატანილი გოლებით აბსოლუტური რეკორდი დაამყარა

კანადის ქალთა ნაკრების ფორვარდმა კრისტინ სინკლერმა დაამხო ნაკრებში გატანილი გოლების რეკორდი როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა ფეხბურთში.

სინკლერმა დუბლი შეასრულა ტოკიოს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში სენტ-კიტსისა და ნევისის ნაკრებთან (11:0) მატჩში. მის ანგარიშზე ახლა 185 გოლია და ამ მაჩვენებლით გაუსწრო ამერიკელ ები უომბახს (184 გოლი), რომელმაც კარიერა დაასრულა.

36 წლის სინკლერმა ნაკრებში 290-ე მატჩი ჩაატარა. ის კანადის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად არის მიჩნეული, ეროვნულ გუნდში 16 წლიდან თამაშობს და ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა აქვს დაგეგმილი.

მამაკაცთა საერთაშორისო ფეხბურთში სანაკრებო დონეზე ყველაზე შედეგიან ფეხბურთელად ირანელი ალი დაეი რჩება, რომელსაც 109 ბურთი აქვს გატანილი.