კანადაში ლიბერალური პარტიის ახალი ლიდერის არჩევნები იმართება, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის
კანადაში ლიბერალური პარტიის ახალი ლიდერის არჩევნები იმართება, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის

კანადაში დღეს ლიბერალური პარტიის ახალი ლიდერის არჩევნები იმართება, რომელიც ჯასტინ ტრუდოს შემცვლელი ანუ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება.

ლიდერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ყოფილი ცენტრალური ბანკირი მარკ კარნი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილენდი, სამთავრობო ფრაქციის ლიდერი კარინა გულდი, ბიზნესმენი და პარლამენტის ყოფილი წევრი ფრენკ ბეილისი.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატების მთავარი თემა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა და დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები იყო.

ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ჯასტინ ტრუდო თავის უკანასკნელ სიტყვას წარმოთქვამს პრემიერ-მინისტრის რანგში.

ლიბერალური პარტიის არჩევნებში 400 000-მდე ადამიანს შეეძლო მონაწილეობა, რომლებიც არიან კანადის მოქალაქეები ან მუდმივი მცხოვრებლები – ასაკით, სულ მცირე, 14 წლის. ამომრჩევლები კანდიდატებს პრიორიტეტის მიხედვით ალაგებენ. ხმები ოლქების მიხედვით ითვლება. თითოეულ ოლქს ენიჭება 100 ქულა, კანდიდატები ქულებს იღებენ ოლქებში მიღებული მხარდაჭერის პროპორციულად. გამარჯვებულად ცხადდება კანდიდატი, რომელიც ქულების 50 პროცენტზე მეტს მოაგროვებს.