კანადაში კომპანია Huawei-ს უფროსი დააკავეს
კანადაში კომპანია Huawei-ს უფროსი დააკავეს

კანადაში კომპანია Huawei-ს უფროსი დააკავეს. ვანჯოუ მენი კანადელმა სამართალდამცველებმა ამერიკული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს. ვანჯოუ მენი კომპანია Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილია. მას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში სდებენ ბრალს.

მენი პირველ დეკემბერს დააკავეს და აშშ-ის ხელისუფლება მის ექსტრადირებას ითხოვს. სასამართლო პროცესი, სადაც ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, ხვალისთვისაა ჩანიშნული.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იძიებს საქმეს, რომლის მიხედვითაც, ჩინური კომპანია ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. გამოძიების მიხედვით, Huawei აშშ-ში წარმოებულ პროდუქციას ირანსა და სხვა ქვეყნებში აგზავნიდა, რომლის წინააღმდეგაც ვაშინგტონს სანქციების აქვს დაწესებული.

აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ის სამთავრობო უწყებებს Huawei-სა და ZTE-ს პროდუქციის გამოყენებას უკრძალავს, რადგან შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ეს კომპანიები ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. ანალოგიური ზომების მიღებას ვაშინგტონი ევროპელ მოკავშირეებსაც სთხოვს.