კანადაში 170-ზე მეტ ხანძრის კერას ებრძვიან
კანადაში 170-ზე მეტ ხანძრის კერას ებრძვიან

კანადაში 170-ზე მეტ ხანძრის კერას ებრძვიან. ინფორმაცია სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ხანძრები ბრიტანეთის კოლუმბიის რეგიონში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა. ხანძართან ბრძოლაში დახმარების აღმოჩენისა და დაზარალებული ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით, მზადყოფნის რეჟიმშია გადასული კანადის შეიარაღებული ძალები.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მაღალ ტემპერატურასთან ერთად, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მეხია. მხოლოდ გასული დღის განმავლობაში ბრიტანეთის კოლუმბიაში 12 ათასი მეხის დაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

ხანძრის გამო, ბრიტანეთის კოლუმბიის ერთ-ერთი ქალაქი – ლიტონი თითქმის მთლიანად განადგურდა. რამდენიმე დღის წინ, ქალაქში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 49,6 გრადუსი დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გამო დაიღუპა ორი ადამიანი.

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, ცენტრალური ხელისუფლება ბრიტანული კოლუმბიის მთავრობასთან ითანამშრომლებს.