კანადამ საფრანგეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა - მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სათამაშო დღე დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT
კანადამ საფრანგეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა - მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სათამაშო დღე დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს ასპარეზობაში 16 გუნდი ჩაერთო. ფავორიტთა უმეტესობამ დამაჯერებლად გაიმარჯვა, დღის ცენტრალურ შეხვედრაში კი კანადის ნაკრებმა საფრანგეთი 30-ქულიანი სხვაობით, 95-65 დაამარცხა.

საკალთბურთო მუნდიალს აზიის სამი ქვეყანა მასპინძლობს – ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია. აღსანიშნავია, რომ პირველივე დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა. ფილიპინებისა და დომინიკელთა რესპუბლიკის შეხვედრას ტრიბუნიდან თვალი 38 115-მა ადამიანმა მიადევნა. ეს დაპირისპირება Philippine Arena-ზე შედგა.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს რამდენიმე გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავდა. დომინიკელმა კარლ-ენტონი თაუნსმა ფილიპინებთან 26 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. მონტენეგროელმა ნიკოლა ვუჩევიჩმა მექსიკის წინააღმდეგ თავი 27 ქულითა და 10 მოხსნით გამოიჩინა. 25 ქულა ჰქონდა პატი მილსს ფინეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, ისევე როგორც მორიც ვაგნერს – იაპონიასთან, ხოლო დღის ცენტრალურ შეხვედრაში კანადის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, შაი გილგის-ალექსანდერმა საფნრაგეთთან 27 ქულასა და 13 მოხსნას მოუყარა თავი.

ხვალ, 26 აგვისტოს მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების დებიუტი შედგება. ილიას ზუროსის გუნდი თბილისის დროით 12:00 საათზე კაბო ვერდეს ნაკრებს შეხვდება, რომელიც ასევე პირველად თამაშობს პლანეტის მთავარ სანაკრებო შეჯიბრებაზე. ამავე ჯგუფში ერთმანეთს ვენესუელა და სლოვენია შეხვდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრების ხილვა საქართველოს პირველ არხსა და ტელესკოლაზეა შესაძლებელი.

პირველი სათამაშო დღის შედეგები:

A ჯგუფი:

ანგოლა – იტალია 67:81 (ფონტეკიო 19 ქ. დუნდაო 19ქ. ტონუტი 18ქ.)
დომინიკელთა რესპუბლიკა – ფილიპინები 87:81 (თაუნსი 26 ქ, 10 მ. კლარკსონი 28ქ, 7 მ, 7 პ.)

D ჯგუფი:

ეგვიპტე – ლიეტუვა 67:93 (ნორმანტასი 18ქ. ვალანჩუნასი 15 ქ, 10 მ.)
მექსიკა – მონტენეგრო 71:91 (ვუჩევიჩი 27 ქ, 10 მ. პერი 14 ქ.)

E ჯგუფი:

ფინეთი – ავსტრალია 72:98 (მილსი 25 ქ, 8 მ. მარკანენი 19 ქ, 8 მ.)
გერმანია – იაპონია 81:63 (ვაგნერი 25 ქ, 9 მ. ვატანაბე 20 ქ.)

H ჯგუფი:

კანადა – საფრანგეთი 95:65 (გილგის-ალექსანდერი 27 ქ, 13 მ. ოლინიკი 18 ქ. ფურნიე 18 ქ.)
ლატვია – ლიბანი 109:70 (დ.ბერტანსი 20 ქ. სმიტსი 17 ქ. ელ დავრიჩი 19 ქ.)

26 აგვისტოს განრიგი:

B ჯგუფი:

სამხრეთ სუდანი – პუერტო რიკო I 12:00 საათი
სერბეთი – ჩინეთი I 16:00 საათი

C ჯგუფი:

იორდანია – საბერძნეთი I 12:45 საათი
აშშ – ახალი ზელანდია I 16:45 საათი (LIVE ტელესკოლა)

F ჯგუფი: 

საქართველო – კაბო ვერდე I 12:00 საათი (LIVE პირველი არხი)
სლოვენია – ვენესუელა I 15:30 (LIVE პირველი არხი)

G ჯგუფი:

ირანი – ბრაზილია I 13:45
ესპანეთი – კოდ დ’ივუარი I 17:30