კანადამ აშშ დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
კანადამ აშშ დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ლატვიაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი კანადის ნაკრები გახდა. მან ნახევარფინალში ორშაიბიანი უპირატესობით აჯობა ამერიკის შეერთებულ შტატებს – 4:2.

კანადა მუდმივად წინ იყო შეხვედრაში. პირველი პერიოდის მე-3 წუთზე ბრენდონ პირიმ გახსნა ანგარიში, მაგრამ ამერიკამ კოლინ ბლეკუელის გოლით უპასუხა მე-18 წუთზე. ამას მოყვა რუსეთთან მეოთხედფინალში გამარჯვების გოლის ავტორის ენდრიუ მანჯაპანის დუბლი და კანადა 3:1 გავიდა წინ.

მანჯაპანმა ჩემპიონატზე შვიდი გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა ლიდერებს – ბრიტანელ ლაიამ კირკსა და თანაგუნდელ კონორ ბრაუნს, რომელმაც ამ მატჩში ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 13 ქულით (7+6) ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

1:3-ის შემდეგ, ალექსანდრ ხმელევსკიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ აშშ-მ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო. ბოლო წამებზე კანადელმა დასტინ დენფორტმა ცარიელ კარში გაიტანა.

აშშ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა ჩემპიონატზე. ეს იყო ტურნირზე პირველი შემთხვევა, როცა ამერიკელებმა ორზე მეტი შაიბა ვერ გაიტანეს და პირველად მისცეს მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 60 წელია (!) არ გასულა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და 88 წელია (!) არ მოუგია ოქროს მედლები.

კანადის მეტოქე ფინალში გერმანიისა და ფინეთის ნახევარფინალში გაირკვევა.