კანადა რუსეთისგან ნედლი ნავთობის იმპორტს კრძალავს და უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს უგზავნის
კანადა რუსეთისგან ნედლი ნავთობის იმპორტს კრძალავს და უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს უგზავნის

კანადა დიდი შვიდეულის პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსეთისგან ნედლი ნავთობის იმპორტს აკრძალავს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მისი თქმით, ნავთობის ინდუსტრიას დიდი სარგებელი მოაქვს პრეზიდენტ პუტინისა და მისი ოლიგარქებისთვის.

„აღნიშნულ ინდუსტრიაზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლის მესამედზე მეტი მოდის. მიუხედავად იმისა, რომ კანადას ბოლო წლებში იმპორტირებული აქვს ძალიან მცირე რაოდენობა. ეს გადაწყვეტილება არის ძლიერი გზავნილი. ის, ვისაც კავშირი აქვს პრეზიდენტ პუტინის სისასტიკეებთან, ვერ გაექცევა ამ ქმედებების შედეგებს. სწორედ ამიტომ გამოცხადდა, რომ რუსი ოლიგარქები ვერ გამოიყენებენ საკუთარ სიმდიდრეს საზღვარგარეთ მოქალაქეობის შესაძენად და სანქციების შედეგებისთვის თავის ასარიდებლად“, – განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ.

კანადის ნავთობმწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, კანადა რუსეთისგან ყოველწლიურად საშუალოდ 550 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობის იმპორტს ახორციელებს.

ამას გარდა, კანადა მიაწვდის უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას.

„პრეზიდენტი პუტინი განაგრძობს თავის სასტიკ თავდასხმას უკრაინაზე, თუმცა უკრაინელები მტკიცედ დგანან. მთელი მსოფლიო შთაგონებულია მათი წინააღმდეგობის სიმტკიცითა და სიძლიერით. კანადა გააგრძელებს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან უკრაინის გმირული თავდაცვის მხარდაჭერას. გუშინ ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ სამხედრო აღჭურვილობის ახალ პარტიებს გავაგზავნით, მათ შორის ჯავშანჟილეტებს, აირსაწინააღმდეგო ნიღბებს და ღამის ხედვის სათვალეს. დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და მოდერნიზირებულ აღჭურვილობას მივაწვდით“, – განაცხადა ტრიუდომ.