კალიფორნიაში, არწივების ბუდიდან, სადაც მართვეების გამოჩეკას ელოდებიან, უკვე რამდენიმე დღეა, უწყვეტი ვიდეოტრანსლაცია მიმდინარეობს

ათასობით ადამიანი უკვე რამდენიმე დღეა, პირდაპირ ეთერში ელოდება, თუ როდის გამოიჩეკებიან კალიფორნიის ერთ-ერთ ნაკრძალში არწივის მართვეები. ვიდეოკამერა არწივის ბუდესთან არის დამონტაჟებული და კადრებს პირდაპირ ეთერში გადასცემს.

აშშ-ის სატყეო სამსახურის ცნობით, კალიფორნიის შტატის სან-ბერნანდინოს ოლქის დიდი დათვის ტბის ეროვნულ ნაკრძალში არწივების ბუდეში ორი კვერცხია. სამსახურის განცხადებით, მშობელი არწივები სახელად ჯეკი და შედოუ კვერცხების გამოჩეკას უკვე ნებისმიერ წუთს ელოდებიან.

არწივების ბუდიდან 24-საათიან პირდაპირ ვიდეოტრანსლაციას ორგანიზაცია „დიდი დათვის ველის მეგობრები“ უზრუნველყოფს. ბუდიდან პირდაპირ ტრანსლაციებს საკუთარ ვებგვერდებზე ამერიკული ტელეკომპანიებიც უზრუნველყოფენ, მათ შორის „ეი-ბი-სი ნიუსი“.