კალათბურთის განვითარების ლიგაში  დაუმარცხებელი მხოლოდ ორი გუნდია
კალათბურთის განვითარების ლიგაში დაუმარცხებელი მხოლოდ ორი გუნდია

მესამე ტურის შემდეგ განვითარების ლიგაში მხოლოდ ორი დაუმარცხებელი გუნდი დარჩა – „დინამო“ და „ცხუმ-აფხაზეთი“.

 

ქუთაისი-კაკტუსი          81:60

ქუთაისელებმა განვითარების ლიგისთვის საინტერესო შემადგენლობა შეკრიბეს. ეს „კაკტუსთან“ მატჩშიც გამოჩნდა.

გამარჯვებაში 17-ქულიანი წვლილი შეიტანა გამთამაშებელმა ლუკა მაზიაშვილმა. 16 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა ტარიელ არაბულს, ხოლო ნიკოლოზ სოსელიამ 15 ქულა ჩააგდო.

„კაკტუსის“ ბომბარდირობა სამმა კალათბურთელმა გაიყო: ვალერი შურღაიამ, ბექა ლომაშვილმა და ირაკლი გლუნჩაძემ 11-11 ქულას მოუყარეს თავი.

 

ტიტები-ვერა      64:61

დაძაბულ ბრძილაში „ტიტებმა“ „ვერას“ სამი ქულის სხვაობით აჯობა. ბოლო წუთს გუნდები თანაბარი ანგარიშით შეხვდნენ – 59:59. გადამწყვეტი ლაშა დოლიძის ორქულიანი და ნიკა გურგენიძის ორი ზუსტი საჯარიმო აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც „ტიტები“ „ვერასთვის“ მიუწვდომელი აღმოჩნდა.

20 ქულით მატჩის ბომბარდირი „ტიტების“ კალათბურთელი სანდრო ჯორბენაძე გახდა. „ვერაში“ ყველაზე მეტი გიორგი ცხოვრებოვმა ჩააგდო – 13 ქულა.

 

ბათუმი-რუსთავი           96:98

საოცარი ფინალი ჰქონდა „ბათუმისა“ და „რუსთავის“ დაპირისპირებას. საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე ზღვისპირელები 96:91-ს იგებდნენ. დარჩენილ დროში რუსთაველებმა მეტისმეტი სიზუსტე გამოავლინეს, ჯერ ზურაბ ვაშაკიძემ ჩააგდო სამქულიანი, შემდეგ – გუგა პატაშურმა ორქულიანი, მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე კი ვახტანგ გაფრინდაშვილმა ორქულიანით რუსთაველებს გამარჯვება მოუტანა.

ბათუმელმა გიორგი დეკანოიძემ 18 ქულა ჩააგდო, ხოლო დაჩი დვალაძემ – 15.

„რუსთავში“ 24 ქულა ჰქონდა გუგა პატაშურს, 17 ქულა და 9 პასი – ვახტანგ გაფრინდაშვილს, 16 – ზურაბ ვაშაკიძეს, ხოლო ანზორ ნადირაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა: 22 ქულა, 12 მოხსნა.

 

თსუ-დინამო       61:88

დინამოელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და საბოლოოდ დამაჯერებლადაც მოიგეს. მწვრთნელმა ჟულივეტ ტუჯანმა დაასვენა ლიდერი ლუკა ბულაშვილი. მის არყოფნაში მატჩის ბომბარდირი ვლადიმერ თავაქარაშვილი გახდა (21 ქულა), ირაკლი კილაძეს 15 ქულა ჰქონდა.

თსუ-ს ლიდერობა წინახაზელმა არჩილ პულუზაშვილმა გასწია, რომელმაც 20 ქულას 8 მოხსნა მიამატა.

 

ოლიმპი-მგზავრები       92:77

„ოლიმპმა“ განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმი ჩაატარა და ერთი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფისკენ. შეგახსენებთ, რომ „ბ“ ჯგუფში ორი გამსვლელი ადგილისთვის ოთხი გუნდი იბრძვის – „ოლიმპი“, „რუსთავი“, „მგზავრები“ და „დინამო“. პირველ ორს თითო წაგება აქვს, დინამოელები ჯერაც დაუმარცხებლები არიან.

„ოლიმპის“ გამარჯვება ლუკა კალატოზიშვილის ეფექტურმა თამაშმა განაპირობა, რომელმაც 18 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა. სამმაგ დუბლს მიუახლოვდა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე – 21 ქულა, 11 პასი, 7 მოხსნა.

 

„ა“ ჯგუფი

გუნდი     თ         მ          წ          ქ

  1. ტიტები                 3          2          1          5
  2. ცხუმ-აფხაზეთი 2          2          0          4
  3. კაკტუსი                3          1          2          4
  4. ქუთაისი               2          1          1          3
  5. ვერა                       2          0          2          2

 

„ბ“ ჯგუფი

გუნდი     თ         მ          წ          ქ

  1. დინამო       3          3          0          6
  2. ოლიმპი      3          2          1          5
  3. მგზავრები 3          2          1          5
  4. რუსთავი    3          2          1          5
  5. ბათუმი       3          0          3          3
  6. თსუ             3          0          3          3