კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა.

ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მიზეზად ხეცურიანი არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოს ასახელებს.

„მადლობა ყველა ჩემს თანამოაზრეს, მეგობარს, ადამიანებს, რომლებიც გვერდით მედგნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ერთად დავიწყეთ ბრძოლა, იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც კალათბურთის სამყაროში, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან არის დღეს. არაერთხელ განვაცხადეთ ამ უსამართლობის შესახებ, როგორც ფედერაციის ხელმძღვანელობის მოქმედებაზე, ასევე გამგეობის გადაწყვეტილებაზე. ეს უსამართლობა დღემდე გრძელდება. დღესაც კი არ ვიცით ზუსტად დელეგატების სია, ვინ იქნება არჩევნების დროს. ჩვენ ნამდვილად მთელი გულით და მთელი მონდომებით ვცდილობდით პროგრესისკენ წავსულიყავით. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ვიღაცეების პირადი ინტერესების დამარცხება. შესაბამისად, ჩემს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და ჩემი კანდიდატურა მოხსნილი იქნება ამ არჩევნებიდან. წარმატება ქართულ კალათბურთს“, – განაცხადა შიო ხეცურიანმა.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობამდე დელეგატების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

არჩევნებზე სულ 34 დელეგატია წარმოდგენილი. რეგისტარცია 13:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც დაიწყება კენჭისყრის პროცესი.

მას შემდეგ, რაც შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა, ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ერთი კანდიდატი  პაატა გურასპაული იბრძოლებს.