კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ნაკრების დანაკლისზე ფინეთთან და შვეიცარიასთან მატჩებში (ვიდეო)

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების შესახებ ვრცლად ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ გუნდს დაეხმარება ცსკა-ს ფორვარდი თორნიკე შენგელია, ესპანეთიდან კი ფინეთში ნაკრებს შეუერთდებიან გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი.

შერმადინი, მაკფადენი და შენგელია ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალაა, თუმცა გვაქვს დანაკლისი:

„ყატარსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ნაკრების სამი წევრი თამაშობს – გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი. იმ ქვეყნებში არსებული რეგულაციები კოვიდმდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენს კალათბურთელებს არ აძლევს ფინეთში ჩამოსვლის საშუალებას. ასე რომ, ნოემბერში მათ გარეშე მოგვიწევს გამოსვლა. ასევე ვერ დაგვეხმარებიან ამერიკაში მოთამაშეები – გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი. გოგას საკალათბურთო სეზონი მალე დაეწყება. იგი ისევ ტრავმას მკურნალობს. მძიმე ტრავმა მიიღო რატი ანდრონიკაშვილმა. ამ ეტაპზე ვერ ითამაშებს, თუმცა ევრობასკეტზე მისი დიდი იმედი გვაქვს. ასევე ველით მამუკელაშვილს ევროპის ჩემპიონატისთვის, რომლის კლუბი სტუდენტურ ლიგას იწყებს და ამის გამო ამ ეტაპზე ნაკრებში ვერ ჩამოდის.“

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ესპანურ „გრან კანარიაში“ მოთამაშე ბექა ბურჯანაძის მდგომარეობაზეც ისაუბრა:

„ბექას ტრავმა აქვს, რომლის სიმძიმე მას მერე გაირკვევა, რაც ექიმები მის მუხლს გააშუქებენ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ფინეთისა და შვეიცარიის წინააღმდეგ ბურჯანაძის თამაში საეჭვოა.“

საქართველოს ნაკრები ფინეთის ქალაქ ესპოოში 24 ნოემბერს გაემგზავრება. ქართულ დელეგაციას ფინეთში შეუერთდება ხუთი ლეგიონერი, მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და გეორგიოს ლიმნაიტისი. 28 ნოემბერს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება, 30-ში – შვეიცარიას. პაატა გურასპაულმა „ტაიმაუტში“ დელეგაციის დანაკლისზეც გაამახვილა ყურადღება:

„კორონავირუსის გამო ნაკრების დელეგაციას სამი წევრი დააკლდება – ილიას ზუროსის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი, ფიზმომზადების მწვრთნელი ირაკლი შიოშვილი და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა. ყველა სხვა წევრის პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.“

პაატა გურასპაულმა საინტერესო სიახლეც გვითხრა – თებერვლის „ბაბლის“ მასპინძლის ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ 99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ მას თბილისი უმასპინძლებს. თებერვალში საქართველოს ნაკრები ფინეთსა და სერბეთს ეთამაშება.