კალათბურთი | თორნიკე შენგელიას 19 ქულა - „ბარსელონა“ ევროლიგაში „დუბაი ბასკეტთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ევროპის მთავარი საკლუბო საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის მეხუთე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად შეჯიბრების დებიუტანტს, „დუბაი ბასკეტს“ დაუპირისპირდა და 78:83 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა. შენგელიამ თავის გუნდს 19 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. მან 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
„ბარსელონას“ რიგებში ქართველი მოთამაშე, დარიო ბრიზუელასთან ერთად, ყველაზე შედეგიანი გახლდათ, ესპანელმაც მატჩი 19 ქულით დაასრულა. „დუბაი ბასკეტის“ რიგებში კი 23 ქულა სერბ ფილიპ პეტრუშევს ჰქონდა.
ევროლიგაში ჩატარებული 5 მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ 3 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი მე-6 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში, 23 ოქტომბერს შენგელიას გუნდი კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლებს.