კალათბურთი | თორნიკე შენგელია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და „ბარსელონას“ 9 ქულა შესძინა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ ტრავმის შემდეგ ესპანური გრანდის რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა.
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში „ბარსელონამ“ „სარაგოსას“ უმასპინძლა და 100:80 გაიმარჯვა.
შენგელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე, ჯამში, 13 წუთი გაატარა – მან თავის გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა სამი ორქულიანი და სამი საჯარიმო ჩააგდო.
„ბარსელონას“ რიგებში ყველაზე მეტი, 15 ქულა მაილს ნორისს ჰქონდა, 13 ქულით დაასრულა შეხვედრა კევინ პანტერმა.
შენგელიამ ფეხის ტრავმის გამო სამი კვირა და შვიდი მატჩი გამოტოვა.