კალათბურთი | თორნიკე შენგელია ტრავმირებულია და „ბარსელონას“ ევროლიგის შეხვედრაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული სეზონის მომდევნო შეხვედრაში „ბარსელონა“ სტუმრად „პარიზს“ შეხვდება, თუმცა გუნდი საფრანგეთში ერთ-ერთი ლიდერის გარეშე გაემგზავრა. ესპანური მედიის ცნობით, მატჩს თორნიკე შენგელია გამოტოვებს.
ქართველ კალათბურთელს საზარდულის ტრავმა აწუხებს – სწორედ ამ მიზეზით მან ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში „მანრესასთან“ ვერ ითამაშა და არც „ბარსელონას“ ბოლო ვარჯიშში მიუღია მონაწილეობა. შედეგად, მთავარმა მწვრთნელმა იგი განაცხადს მიღმა დატოვა.
„ბარსელონა“ ევროლიგაში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ 10 მოგებითა და 5 მარცხით მესამე ადგილზეა.
თორნიკე შენგელია აღნიშნულ ტურნირზე საშუალოდ 12.9 ქულას, 5.1 მოხსნას, 2.7 შედეგიან გადაცემას, 0.7 ჩაჭრას და 0.5 დაფარებას აგროვებს.