კალათბურთი | საქართველოს ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის მზადებას აგრძელებს #1TVSPORT
კალათბურთი | საქართველოს ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის მზადებას აგრძელებს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩისთვის მზადებას აგრძელებს, რომელსაც 27 ნოემბერს უკრაინასთან გამართავს.

გუნდს უკვე შეუერთდა ევროპის სხვადასხვა საკალათბურთო ლიგაში მოთამაშე კალათბურთელთა ნაწილი – მათ შორის გიორგი შერმადინი, რომელიც ეროვნული გუნდის მაისურით თბილისში კარიერაში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.

კაპიტანი თორნიკე შენგელია საქართველოს დედაქალაქში მატჩის დღეს ჩამოვა. მას 26 ნოემბერს „ბარსელონას“ რიგებში ევროლიგის შეხვედრა ელის „ლიონის“ წინააღმდეგ. შესაბამისად, არასრულ 22 სააათში ორი მატჩის ჩატარება მოუწევს ორ სხვადასხვა ქვეყანაში.

საქართველოს ეროვნული გუნდი უკრაინასთან თამაშის შემდეგ ესპანეთში გაემგზავრება. ალექსანდერ ჯიკიჩის გუნდი ადგილობრივ ნაკრებს 30 ნოემბერს დაუპირისპირდება.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო A ჯგუფში საქართველოს, ესპანეთის, უკრაინისა და დანიის ნაკრებები იასპარეზებენ. თითოეული გუნდი ექვს შეხვედრას გამართავს, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში ასპარეზობას სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების მატჩებს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო – უკრაინა | 27 ნოემბერი, 21:00 საათი

ესპანეთი – საქართველო | 30 ნოემბერი, 22:45 საათი