საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთში ჩავიდა და მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას შეუდგება.
ქართველმა კალათბურთელებმა საკვალიფიკაციო A ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა თბილისში უკრაინასთან დათმეს, ხოლო ესპანეთის ნაკრებმა დანია დაამარცხა.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ჯგუფში სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გააგრძელებს.
ესპანეთთან შეხვედრა ბოლო იქნება გიორგი შერმადინისთვის ეროვნული გუნდის რიგებში. ის საქართველოს ნაკრების ღირსებას 20 წლის მანძილზე იცავდა.
საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთს შემდეგი შემადგენლობით დაუპირისპირდება:
რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი.
ესპანეთისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებების მატჩი 30 ნოემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.