კალათბურთი | საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიურ „ბაკენ ბეარსს“ შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონი „ქუთაისი“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. შვეიცარიაში გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ქუთაისური კლუბი პირველ შეხვედრაში დანიურ „ბაკენ ბეარსს“ დაუპირისპირდება.
საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 გუნდი იღებს მონაწილეობას და მხოლოდ სამი მათგანი შეძლებს ჯგუფურ ეტაპზე გადასვლას. ქუთაისი ე.წ. ჩემპიონთა გზაზე მოხვდა, სადაც კიდევ სამი წყვილია: „პატრიოტი ლევიცე“ (სლოვაკეთი) – „აეკ ლარნაკა“ (კვიპროსი), „კალევ/კრამო“ (ესტონეთი) – „რილსკი“ (ბულგარეთი), „დენ ბოსხი“ (ნიდერლანდები) – „ტრეპჩა“ (კოსოვო).

„ქუთაისი“ გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში ნიდერლანდებისა და კოსოვოს გუნდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ფინალში კი – დანარჩენი ორი წყვილიდან გამარჯვებულს.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართება, ხოლო რეგულარული სეზონის დაწყება ოქტომბერშია დაგეგმილი. თუ „ქუთაისი“ ჯგუფურ ეტაპზე გავა, F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები „აეკ ბეტსონი“ (საბერძნეთი), „ვეფ რიგა“ (ლატვია) და „შოლნოკი“ (უნგრეთი) იქნებიან.