კალათბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში სათამაშოდ 12-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გუნდმა სამ სხვადასხვა ქვეყანაში შვიდი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, 16-კაციანი გაფართოებული შემადგენლობიდან 12 კალათბურთელი შეირჩა.
ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც უკრაინის, შვედეთის, კოსოვოსა და აზერბაიჯანის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდება.
მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის განცხადებით, გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მაქსიმალურად დაიხარჯება და პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იქნება.
კაპიტანმა, ლუკა ლიკლიკაძემ გუნდის მიერ განვლილი მოსამზადებელი პერიოდი მოკლედ შეაფასა: „კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ, გამოჩნდა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, გუნდში კარგი ატმოსფეროა და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები თამაშებს შემდეგი განრიგით გამართავს:
7 ივლისი – საქართველო VS უკრაინა, 20:30
8 ივლისი – კოსოვო VS საქართველო, 15:30
11 ივლისი – საქართველო VS შვედეთი, 20:30
12 ივლისი – აზერბაიჯანი VS საქართველო, 23:00
პირდაპირი ტრანსლაციების ყურება ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი: https://www.fiba.basketball/europe/u20b/2023