კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და „მილუოკისთან“ 18 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების წევრებმა, სანდრო მამუკელაშვილმა და გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი მატჩები გამართეს. წარმატებული გამოვიდა მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსის“ სტუმრობა მილუოკიში – იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე მოთამაშე „ბაქსი“ კანადელებმა 111:105 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების წევრი ძირითად ხუთეულში იყო, 36 წუთი ითამაშა – მან 18 ქულას 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიამატა. მამუკელაშვილმა 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 6 ორქულიანი გამოიყენა. 29 ქულით მატჩის ბომბარდირი ბრენდონ ინგრემი გახდა.

***

დენვერში „ნაგეტსთან“ დამარცხდა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ – 115:126.

ბითაძეს ევროპელი ცენტრების, იოკიჩისა და ვალანჩუნასის წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა. საბოლოოდ, 19 წუთი ითამაშა და მატჩი 6 ქულით, 4 მოხსნით, 1 პასით და 2-2 ჩაჭრა-დაფარებით დაასრულა. იოკიჩმა 23 ქულა ჩააგდო, ვალანჩუნასმა – 10, „დენვერის“ ბომბარდირი კი ჯამალ მარეი გახდა – 32 ქულა.

„ორლანდო“ 15 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. ამავე კონფერენციაში მესამეა „ტორონტო“ (17/11).

ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს იუტაში გამართავს, ხოლო მამუკელაშვილის „ტორონტო“ ასევე 21-ში „ბოსტონს“ უმასპინძლებს.