კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა სეზონში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა - 23 ქულა „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ვაშინგტონ უიზარდსთან“ გამართა და 140:110 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 21 წუთი მიიღო და მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა – 23 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა. მამუკელაშვილმა ექვსი ორქულიანი, ორი სამქულიანი და ხუთი საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში 24-24 ქულა ჰქონდათ ბარეტსა და ინგრემს, ხოლო მამუკელაშვილის მსგავსად, 23 ქულით დაასრულა მატჩი სკოტი ბარნსმა.

ქართველი მოთამაშის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო, ჯამში, 11 მოგებითა და 5 მარცხით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 24 ნოემბერს „ბრუკლინ ნეტსთან“ ჩაატარებს.