კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ბოსტონის“ წინააღმდეგ „ტორონტოს“ 24 ქულა შესძინა [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართა და 96:112 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 30 წუთი მიიღო და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მამუკელაშვილმა 24 ქულა, 5 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება შესძინა გუნდს – მან ექვსი სამქულიანი და სამი ორქულიანი ჩააგდო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ასევე 24 ქულა ჰქონდა ბრენდონ ინგრემს, ხოლო „ბოსტონის“ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პეიტონ პრიჩარდის წარმატებულმა თამაშმა, მან მატჩი 33 ქულით დაასრულა.

ქართველი მოთამაშის გუნდი, ჯამში, 17 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 22 დეკემბერს „ბრუკლინ ნეტსთან“ ჩაატარებს.