კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 17 ქულა - „ტორონტომ“ „ჩიკაგო“ დაამარცხა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ჩიკაგოსთან“ გამართა და 123:107 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 25 წუთი მიიღო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მან თავის გუნდს 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, ერთი დაფარება და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა. მამუკელაშვილმა ოთხი სამქულიანი, ერთი ორქულიანი და სამი საჯარიმო გამოიყენა.
„ტორონტოს“ შემადგენლობაში ქართველ მოთამაშეზე მეტი ქულა მხოლოდ ორმა კალათბურთელმა ჩააგდო, ბრენდონ ინგერემმა (33) და იმანუელ ქუიკლიმ (24).
„ორლანდოს“ რიგებში ითამაშა გოგა ბითაძემ. მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე „ბრუკლინ ნეტსი“ 118:98 დაამარცხა. ქართველმა მოთამაშემ ექვს წუთში 6 ქულას, ერთ მოხსნას და ერთ დაფარებას მოუყარა თავი. ბითაძემ სამიდან სამი ორქულიანი გამოიყენა.
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 31 მოგებითა და 22 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, ხოლო „ორლანდო“ (26 გამარჯვება, 24 მარცხი) მეშვიდე პოზიციას იკავებს.