კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 12 ქულა და „ტორონტოს“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება NBA-ში #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ატლანტა ჰოუქსთან“ გამართა და 109:97 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 21 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. მამუკელაშვილმა ოთხი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო.
„ტორონტოს“ შემადგენლობაში 20 ქულა ჰქონდა ბრენდონ ინგრემს, 19 – რჯ ბარეტს, ხოლო 18 – იმანუელ ქუიკლის.
ქართველი მოთამაშის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო, ხოლო ჯამში 5 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 9 ნოემბერს „ფილადელფიასთან“ ჩაატარებს.
„ბოსტონ სელტიქსთან“ გაიმარჯვა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ – 123:110.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 15 წუთი გაატარა, ხოლო მის ანგარიშზე 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. „ორლანდო მეჯიქი“ 4 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი 10 ნოემბერს კვლავ „ბოსტონთან“ ელის.