კალათბურთი | NBA-ში საშობაო მატჩები გაიმართა - ნიკოლა იოკიჩმა „მინესოტასთან“ შეხვედრაში „დენვერს“ 56 ქულა შესძინა [ვიდეო] #1TVSPORT
10:57, 26.12.2025
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ტრადიციული საშობაო მატჩები გაიმართა.
დღე „ნიუ იორკ ნიქსისა“ და „კლივლენდ კავალიერსის“ დაპირისპირებით გაიხსნა. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში „ნიქსი“ 17 ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა მოახერხა და შეხვედრა 126:124 მოიგო. 34 ქულა ჰქონდა მასპინძელთა ლიდერს, ჯეილენ ბრანსონს, ხოლო „კლივლენდის“ ვარსკვლავმა, დონოვან მიტჩელმა 34 ქულა ჩააგდო.
ზედიზედ მეორედ დამარცხდა „ოკლაჰომა სიტი“. NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე „სან ანტონიო სპურსთან“ 102:117 წააგო. 29 ქულა ჰქონდა ტეხასელთა უკანახაზელს, დეაარონ ფოქსს, ხოლო გასული სეზონის „უძვირფასესმა მოთამაშემ“ და „ოკლაჰომას“ ლიდერმა, შაი გილჯის-ალექსანდერმა 22 ქულა ჩააგდო.
„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ საკუთარ მოედანზე „დალას მავერიქსი“ 126:116 დაამარცხა. მასპინძლების ლიდერი კვლავ სტეფ კარი იყო, რომელმაც მატჩი 23 ქულით დაასრულა. 27 ქულა ჰქონდა „დალასის“ მოთამაშე კუპერ ფლაგს.
„ჰიუსტონ როკეტსმა“ სტუმრად 119:96 დაამარცხა „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“. სტუმართა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ამენ ტომფსონმა (26 ქულა), ხოლო „ლეიკერსის“ სლოვენიელ გამთამაშებელს, ლუკა დონჩიჩს 25 ქულა ჰქონდა.
დღის ბოლო შეხვედრაში „დენვერ ნაგეტსმა“ საკუთარ მოედანზე, ოვერტაიმების შემდეგ, 142:138 დაამარცხა „მინესოტა ტიმბერვულვზი“. მასპინძელთა ლიდერმა, ნიკოლა იოკიჩმა NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სამმაგი დუბლი შეასრულა – 56 ქულა, 16 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა.
სერბ ცენტრს 35 ქულით დაეხმარა კანადელი უკანახაზელი ჯამალ მარი, ხოლო „მინესოტას“ მხრიდან გამორჩეული იყო ენტონი ედვარდსი – 44 ქულა.