კალათბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს და პრესაკვალიფიკაციო ეტაპიდან გასულ ორ გუნდს შეხვდება #1TVSPORT
კალათბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს და პრესაკვალიფიკაციო ეტაპიდან გასულ ორ გუნდს შეხვდება #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში 2027 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდა.

მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრები ევროპის ზონის A ჯგუფში ესპანეთთან, პრესაკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთან და ამავე ეტაპის მეორეადგილოსანთან ერთად ითამაშებს.

ევროპის ზონის პრესაკვალფიკაციო ეტაპი 2025 წლის აგვისტოში გაიმართება, ხოლო ძირითადი ეტაპი ნოემბერში დაიწყება. მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი ითამაშებს, მათ შორის 12 ევროპული ნაკრები.

პრესაკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩვენს ჯგუფში ერთი გუნდი სლოვაკეთის, შვეიცარიისა და უკრაინის ჯგუფში გამარჯვებული იქნება, ხოლო მეორე – დანიის, ნორვეგიისა და ხორვატიის ჯგუფის მეორეადგილოსანი.

ძირითადი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ნაწილში 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება – თითოეულში 4 გუნდი. ჯგუფის ფარგლებში ყველა ნაკრები ერთმანეთს ორჯერ, შინ და გარეთ შეხვდება. ჯგუფის საუკეთესო 3 გუნდი მომდევნო ეტაპზე გადის.

მეორე ეტაპზე 24 გუნდი 4 ახალ ჯგუფში გადანაწილდება, თითოეულში 6 ნაკრები. პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგები გათვალისწინებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული გუნდი პირველი ეტაპის B ჯგუფის სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდთან გაერთიანდება. ამ ჯგუფში საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და პრესაკვალიფიკაციო ეტაპის ნაკრები მოხვდა.

გუნდები ახალ ჯგუფებში დაუპირისპირდებიან იმ ნაკრებებს, რომელთაც არ შეხვედრიან – ორჯერ, შინ და სტუმრად. თითო ჯგუფიდან საუკეთესო 3 გუნდი მსოფლიო თასზე ითამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 2027 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება. ტურნირის მასპინძელი ქვეყანა კატარია.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა პირველად 2023 წელს მიიღო. სადებიუტო ტურნირზე ჩვენმა გუნდმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა და მე-16 ადგილი დაიკავა.