კალათბურთი | მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა „მონაკომ“ ევროლიგაში „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მანუჩარ მარკოიშვილის ხელმძღვანელობით, „მონაკომ“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში, ევროლიგაში პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ დაძაბულ შეხვედრაში 81:80 დაამარცხა.
მას შემდეგ, რაც კლუბმა ბერძენ სპეციალისტთან, ვასილის სპანულისთან თანამშრომლობა შეწყვიტა, გამოცხადდა, რომ ევროლიგის უახლოეს მატჩში გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას სწორედ ქართველი მწვრთნელი შეასრულებდა.
მსგავსი სიტუაცია „მონაკოში“ ადრეც ყოფილა. 2024 წლის ნოემბერში, როდესაც გუნდიდან სერბი საშა ობრადოვიჩი წავიდა, ევროლიგის შეხვედრაში ფრანგულ „ასველთან“ გუნდს დროებით სწორედ მანუჩარ მარკოიშვილი ხელმძღვანელობდა.
ამ ეტაპზე უცნობია, დანიშნავს „მონაკო“ ახალ მთავარ მწვრთნელს თუ კლუბის ხელმძღვანელობა აღნიშნულ პოზიციაზე ქართველ სპეციალისტს დატოვებს. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მარკოიშვილი მონეგასკურ კლუბში, უკვე მეხუთე სეზონია, მუშაობს და მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციას იკავებს.
ამ დროისთვის „მონაკოს“ ევროლიგაში 17 გამარჯვება და 14 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრა გუნდს 19 მარტს თურქულ „ეფესთან“ ელის.