კალათბურთი | კოტე ტუღუში - ფიბა-ევროპის თასზე ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა დანიის „ბაკენ ბეარსთან“ მატჩია #1TVSPORT
მიუნხენში გამართულმა წილისყრამ ფიბა-ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონის, „ქუთაისის“ მეტოქეები გაარკვია: „ბილბაო“ (ესპანეთი), „პერისტერი“ (საბერძნეთი), საკვალიფიკაციო წყვილის (ესტონური „პარნუ“ ან ჩეხური „ბრნო“) გამარჯვებული.
„ქუთაისი“ ამ ჯგუფში იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერს ვერ დაძლევს.
ლიგის საკვალიფიკაციოზე 24 გუნდიდან მხოლოდ სამი შეძლებს ჯგუფურ ეტაპზე გადასვლას. მეოთხედფინალში იმერული კლუბის მეტოქე დანიური „ბაკენ ბეარსი“ იქნება.
წილისყრის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა:
„ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა. „პერისტერი“ საბერძნეთის ძალიან კარგი გუნდია, „ბილბაო“ შარშან ჩვენს ჯგუფში იყო, სეზონის ბოლოს კი ფიბა-ევროპის თასი მოიგო. თუმცა ჩვენი მთავარი საფიქრალი დანიის „ბაკენ ბეარსია“, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვხვდებით. „ქუთაისი“ სრულადაა დაკომპლექტებული, მოსამზადებელი ეტაპიც დაგეგმილია და ვიმედოვნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებს სათანადო ფორმაში შევხვდებით“.