კალათბურთი | „კლიპერსმა“ ჯეიმს ჰარდენი „კლივლენდში“ გაცვალა #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ შეათანხმა „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ 11-გზის მონაწილის, ჯეიმს ჰარდენის გაცვლა „კლივლენდ კავალიერზის“ გამთამაშებელზე, დარიუს გარლანდზე. გარდა ამისა, „კავალერებმა“ დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლება მიიღეს.
ჰარდენმა ბოლო დღეებში გამოთქვა „კლიპერსის“ დატოვების სურვილი, რაც კლუბისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. კალათბურთელს რამდენიმე სეზონით ხელშეკრულების გაგრძელების სურვილი ჰქონდა, მაშინ როცა „კლიპერსი“ აპირებს 2027 წლისთვის სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვას. ჰარდენი ამ სეზონში 39.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, მომდევნო სეზონში კი მისი 49.2 მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასიდან მხოლოდ 13.8 მილიონია გარანტირებული.
ჯეიმს ჰარდენი მიმდინარე სეზონში „კლიპერსის“ მნიშვნელოვანი კალათბურთელი იყო. ის საშუალოდ მატჩში 25.4 ქულას აგროვებდა.
გარლანდი წლევანდელ სეზონში ტრავმებს ებრძვის. მან გამოტოვა რეგულარულის პირველი შვიდი მატჩი და არ თამაშობს 16 იანვრიდან ფეხის ტრავმის გამო. 26 მატჩში მცველმა თავის აწ უკვე ყოფილ კლუბს საშუალოდ 18.0 ქულა მოუტანა. გარლანდს „კლივლენდთან“ 197 მილიონი დოლარის ოდენობის 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა.