კალათბურთი | გიორგი შერმადინმა „ბრეოგანთან“ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში გიორგი შერმადინის გუნდი „ტენერიფე“ სტუმრად „ბრეოგანს“ დაუპირისპირდა და 108:96 გაიმარჯვა.
შერმადინმა მოედანზე 29 წუთი გაატარა, თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიიღო – მან თავის გუნდს 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 7 ორქულიანი და 4 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფეს“ რიგებში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო კანადელი მოთამაშე აარონ დოორნეკამპი, ხოლო 19 ქულით დაასრულა შეხვედრა ურუგვაელმა ბრუნო ფიტიპალდომ.
ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ „ტენერიფეს“ 7 მოგება აქვს და მე-4 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 20 დეკემბერს სტუმრად „ჟირონასთან“ ჩაატარებს.